ქართული ოცნების სატელიტურ ჯგუფებში "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვის საკითხს აქტუალურს ხდიან.
დღეს ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ კვლავ განაცხადა პარლამენტში, რომ "ლგბტ პროპაგანდა" უნდა აიკრძალოს. მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტის მომზადებასაც გეგმავს.
ინჯია ამტკიცებს, რომ არ ჰქონია კომუნიკაცია ქართულ ოცნებასთან და მომღერალ უცნობის აქციის ორგანიზატორებთან, სადაც გაჟღერდა მსგავსი შინაარსის მოთხოვნები. გარდა ამისა, დეპუტატი აცხადებს, რომ არ იცნობს პრორუსული დაჯგუფების, ალტ-ინფოს კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში გასული წლის ნოემბერში დარეგისტრირდა.
ალტ-ინფოს კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში და გაჩნდეს შემდეგი მუხლი: "აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას". მორგოშია აღიარებს ფორმულასთან, კანონი "გეი პროპაგანდის" საწინააღმდეგოდ არის მიმართული.
"ჩვენს კანონს მიიღებენ თუ სხვა პოლიტიკური ძალა შეიტანს, ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შედეგი დადგეს", - თქვა მორგოშიამ.
ამავე კანონპროექტში გათვალისწინებულია შემდეგი ცვლილებაც, რომ აიკრძალოს ნებისმიერი შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს "რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრედიტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მოწოდებებს ან/და რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას".
დისკრიმინაციურლი კანონები, რომლებსაც "ლგბტ პროპაგანდის" საწინააღმდეგო კანონებს უწოდებენ, მიღებულია რუსეთსა და უნგრეთში. უფლებადამცველი ორგანიზაციები და მემარცხენე ჯგუფები აკრიტიკებენ აღნიშნულ კანონებს. აშშ-სა და ევროკავშირში კი ცვლილებებს დისკრიმინაციულსა და ადამიანის უფლებების შემლახველს უწოდებენ.